"იგი ვითარდება ფიზიკური გადატვირთვის, სხეულის უხერხული მოძრაობის, სიმძიმის აწევის, გადაციების, არაფიზიოლოგიურ პოზიციაში დიდხანს ყოფნის შემთხვევაში. წელკავის შესაძლო მიზეზები ხერხემალში, კერძოდ, მალათაშუა დისკებში, სახსრებში, მყესებში, კუნთებსა თუ ნერვულ ბოჭკოებში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებებში უნდა ვეძებოთ. ხერხემალს ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე უდიდესი დატვირთვის ატანა უწევს. თუ მის საკმაოდ რთულ ანატომიურ აგებულებასაც გავიხსენებთ, მასში რაღაც-რაღაცები პათოლოგიურად რომ იცვლება, ალბათ გასაკვირი არც უნდა იყოს. ყოველივე ამის დასახასიათებლად საკმაოდ გავრცელებულ ტერმინს - ოსტეოქონდროზს მოვიშველიებთ ხოლმე." - ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგი მარიამ ქაფიანიძე.
გამოწვევის მიზეზები:
- ძლიერი ფიზიკური დატვირთვითა და წელის არის გადაცივებით გამოწვეული კუნთების სპაზმი ანუ ტონური შეკუმშვები, რომლებიც ადამიანს იძულებით პოზაში აშეშებს;
- მალათაშუა სახსრის ცდომა, მყესების გაგლეჯა ხერხემლის ტრავმის გამო;
- წელის მალებში მიმდინარე დეგენერაციული პროცესები, როდესაც მალათაშუა დისკსა და მის ფიბროზულ რგოლში განვითარებული ცვლილებების გამო ღიზიანდება მგრძნობიარე რეცეპტორების დაბოლოებანი და იწვევს ტკივილს (ხერხემლის მალათა ფიბროზული რგოლის ნაპრალი, წელის არეში მალათაშუა დისკის გამოვარდნა და მისი ზეწოლა ნერვულ დაბოლოებებზე);
- შედარებით იშვიათად წელკავი უკავშირდება ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაავადებას, რევმატულ პათოლოგიას, ინფექციას, სიმსივნეს.
მკურნალობისთვის საჭიროა:
- ტკივილის კუპირება;
- სწორი მოძრაობის სტერეოტიპების შესწავლა, რომლებიც ხელს შეუწყობს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ოპტიმალურ დატვირთვას და ხერხემლის ჯანმრთელობის შენარჩუნებას მრავალი წლის განმავლობაში;
- ხერხემლის სვეტზე წონისა და წნევის შემცირება, მის სეგმენტებზე დატვირთვის სწორი გადანაწილება;
- ხერხემლის იმ კუნთოვანი კარკასის გამაგრება, რომელიც გარს ეკვრის მის პრობლემურ ზონებს.